იპოვე უკეთესი სამსახური

როგორ შევადგინოთ იდეალური CV

როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, დამსაქმებელი საშუალოდ ხუთიდან შვიდ წამამდე უთმობს თქვენი CV-ის წაკითხვას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი დოსიე დასაწყისიდან დამთავრებამდე უნდა ყვიროდეს „დამიქირავე!“, რადგან საქმიან დამსაქმებლებს არ აქვთ იმდენი დრო, რომ თქვენი დამალული ტალანტი ეძებონ. სწორედ ამიტომ, მიჰყევით ექსპერტების რჩევებს, თუ როგორი უნდა იყოს იდეალურად შედგენილი CV. 

ფორმატი

დამსაქმებლების უმეტესობას მოკლე და შინაარსიანი  დოსიეები იზიდავს, რომელიც მაქსიმუმ ორი გვერდისგან შედგება. ფორმატის შედგენისას, მოერიდეთ გამყოფი სექციების მეორე გვერდზე გადატანასს და აუცილებლად დააკონვერტირეთ Word-ის ფაილი PDF-ში, რათა თავიდან აიცილოთ ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები. 

იყავით თანმიმდევრულები და გამოყავით აბზაცები - CV-ს შედგენისას, დარწმუნდით, რომ აბზაცები კარგად გაქვთ გამოყიფილი, რათა მკითხველმა ადვილად გაარჩიოს მნიშვნელოვანი კომპონენტები. აირჩიეთ სადა და მკაფიო ფონტი და გამოიყენეთ 11-იანი ფონტის ზომა.

ყურადღება მიაქციეთ გრამატიკასა და სიტყვების სწორად წერას - ნუ გაიფუჭებთ დასაქმების შანსს მარტივი გრამატიკული შეცდომების გამო. გახსოვდეთ, რომ გამართულად წერა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია დამსაქმებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად. CV-ს შედგენის შემდეგ, თვალი გადაავლეთ თქვენს ნამუშევარს მინიმუმ ორჯერ და ამის შემდეგ სთხოვეთ სხვას, რომ კიდევ ერთხელ გადახედოს. 

ნუ გამოიყენებთ ზედმეტ სიტყვებსა და არასაჭირო ინფორმაციას - არ არის აუცილებელი ფურცლის ზედა ნაწილში მიაწეროთ, რომ ეს არის CV. არც თქვენი ზუსტი მისამართის მიწერაა აუცილებელი იქ, სადაც საცხოვრებელი ადგილის შესახებ გეკითხებიან. იგივე ეხება ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ტელეფონის ნომერს. სადაც ამის საჭიროება არ არის, იქ ზედმეტ ინფორმაციას ნუ მიუთითებთ. მნიშვნელოვანია ფოტოს სწორად შერჩევაც.

დარწმუნდით, რომ თქვენი CV-ის ციფრული და ამობეჭდილი ვერსიები კარგად წასაკითხია -  გაითვალისწინეთ, რომ დამსაქმებლები შეიძლება თქვენგან განსხვავებულ კომპიუტერსა და თუ სისტემას იყენებდნენ, რის გამოც თქვენ მიერ შექმნილი CV არ გაუხსნათ ისე, როგორც თქვენ გააკეთეთ. პრობლემები შეიძლება შეგექმნათ ამობეჭდვის დროსაც, რადგან ხშირად თქვენი ტექსტი ფორმას კარგავს. სწორედ ამიტომ, მოერიდეთ გრაფების, ჩარჩოებისა და ა.შ გაკეთებას. 

თქვენი პროფესიული პროფილი 

გამოიყენეთ ეს სექცია იმის ასახსნელად, თუ რატომ ერგებით ყველაზე მეტად ამ სამსახურს - არაუმეტეს ოთხი წინადადებით შეეცადოთ მიყიდოთ საკუთარი თავი დამსაქმებელს. ახსენით, თუ რა მოემატება კომპანიას თქვენი დაქირავებით, რა შეგიძლიათ მათთვის გააკეთოთ და როგორია თქვენი კარიერული ამბიციები. 

გათვალეთ თქვენს აუდიტორიაზე - შეეცადეთ გაარკვიოთ ან მიხვდეთ, ზუსტად რას ეძებს პოტენციური დამსაქმებელი და ამის შემდეგ დარწმუნდით, რომ მხოლოდ მისთვის სასურველ ინფორმაციას მიაწვდით თქვენი დოსიეთი. მიმოიხილეთ თქვენი პროფესიული კვალიფიკაცია და რამდენ წლიანი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში. 

ნუ გამოიყენებთ კლიშურ ფრაზებს. მეტად კონცენტრირდით ფაქტების მოყვანასა და იმის ახსნაზე, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ. „შემიძლია ვიმუშაო როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად“ და მსგავსი ფრაზები დამსაქმებელს არაფერს ეუბნება თქვენს შესახებ. 

სიმბოლოები ძალიან მნიშვნელოვანია -  თქვენი თავის დახასიათების დროს გამოიყენეთ ვაკანტური ადგილის ის დასახელება, რომელსაც დამსაქმებელი ვაკანსიაში იყენებს. ამ გზით თქვენ სიმბოლურად უკავშირებთ თქვენს დოსიეს იმ როლს, რომლის შემსრულებელსაც დამსაქმებელი ეძებს. სასურველია, რომ თქვენი CV და კარიერული წარსული დიდად არ განსხვავდებოდეს ახალი სამსახურისგან. 

დასაქმების ისტორია

გამოყავით თქვენი ყოფილი მოვალეობები მკაფიოდ - იდეალურ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაწეროთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს მოკლე რეზიუმე. ამის შემდეგ, გამოიყენეთ ბულეტები, რათა გამოყოთ თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი საკითხები, რათა დამსაქმებელმა შეძლოს მარტივად კონცენტრირება მასზე. ბულეტები არ უნდა იყოს სამზე ნაკლები და ხუთზე მეტი. 

ზუსტად შეარჩიეთ რომელი სამსახურის გამოყოფა ღირს - თუ მდიდარი სამუშაო გამოცდილება გაქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სამსახური უნდა ჩამოთვალოთ. თუკი სხვდასხვა ორგანიზაციაში ერთსა და იმავე როლს ასრულებდით, მხოლოდ ერთის, ან მაქსიმუმ ორის მოყვანაც საკმარისი იქნება. ამ დროს მთავარია უნარები, რომელიც გამოცდილებასთან ერთად გამოიმუშავეთ და არა დამსაქმებლების რაოდენობა. კარგი იქნება, თუ თქვენი გამოცდილების დამადასტურებელ მაგალითებსაც მოიყვანთ და ამა თუ იმ შემთხვევას აღწერთ. 

გამოიყენეთ პოზიტიური ზმნები - როდესაც თქვენ ყოფილ სამსახურს აღწერთ, აუცილებლად გამოიყენეთ პოზიტიური ზმნები, როგორიცაა „მივაღწიე“, „შევქმენი“, „შევასრულე“ და ა.შ. ხშირად ადამიანები შეცდომას უშვებენ ხოლმე და წერენ ნეგატიურ ზმნებს, როგორიცაა „უნდა გამეკეთებინა“. 

ახსენით წამოსვლის მიზეზები - დამსაქმებლებს ყოველთვის აინტერესებთ, თუ რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან, ამიტომ თუ თავად არ მიაწვდით ამის შესახებ მოკლე ინფორმაციას, შესაძლოა არასდროს დაგიბარონ გასაუბრებაზე. 

განათლება 

ნუ იქნებით ამ სექციაში დიდად კრეატიულები - როგორც წესი, სამსახურის მაძიებლების ერთი მესამედი საკუთარი განათლებბის გადაპრანჭვას ცდილობს, რათა უფრო შესაფერის კანდიდატად გამოჩნდეს. არაფერი ცუდი არ არის თქვენი განათლების ზუსტ მითითებაში, რადგან დამსაქმებელს ამაზე მეტად თქვენი უნარები აინტერესებს. შესაძლოა, თქვენი დიპლომი არ შეესაბამებოდეს გამოცხადებულ ვაკანსიას, მაგრამ თქვენი უნარები და გამოცდილება აღმოჩნდეს დამსაქმებლისთვის მიმზიდველი. 

მიუთითეთ მიმართულება, რომელსაც სწავლობთ - თუ თქვენ ჯერ კიდევ სწავლობთ, მიუთითეთ პროფესია, რომელსაც ეუფლებით და აღნიშნეთ, რომ ჯერ არ დაგისრულებიათ სწავლა. 

მოკლედ აღწერეთ თქვენი აკადემიური მოსწრება საშუალო სკოლაში (თუ ითხოვს დამსაქმებელი) - სათითოად ყველა ნიშნის ჩამოწერას აზრი არ აქვს. დამსაქმებელს ამ შემთხვევაში აინტერესებს ზოგადად, საერთო ჯამში, რამდენად კარგი აკადემიური მოსწრება გქონდათ, ამიტომ დიდად ნუ დაკონკრეტდებით.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

შეუერთდით 19,664 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: