იპოვე უკეთესი სამსახური

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

როგორც წესი, სამოტივაციო წერილი სამუშაოს მაძიებლებს დამატებით შანსს გაძლევთ  ადგილის დასაკავებლად, რადგან გაქვთ შესაძლებლობა უკეთ წარმოაჩინოთ საკუთარი ძლიერი მხარეები და უფრო მეტად გააცნოთ საკუთარი თავი თქვენი CV-ის მკითხველს. გახსოვდეთ, რომ სამოტივაციო წერილი არ არის მხოლოდ თქვენი თავის ზრდილობიანად წარდგენა და CV-ის ლამაზად შეფუთვა, არამედ თქვენს წარმატებაში მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

სანამ წერას დაიწყებდეთ...

შეასრულეთ თქვენი საშინაო დავალება კომპანიის შესახებ და იფიქრეთ თქვენს აუდიტორიაზე. Pure Resourcing Solutions-ის დირექტორი, გილ ბუჩანანანი გირჩევთ: „გამოიყენეთ სამოტივაციო წერილი იმის წარმოსაჩენად, რომ ჩაატარეთ მცირე კვლევა კომპანიისა და იმ ბაზრის შესახებ, რომელზეც ის ოპერირებს“. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას საქმიანობს კომპანია? ვინ და ვინ არის მისი კონკურენტი? ვინ არის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი? შესაძლოა, ეს ინფორმაცია სულაც არ გამოიყენოთ სამოტივაციო წერილში, მაგრამ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობთ კომპანიის  საქმიანობისა და მიზნების შესახებ, თქვენი ენთუზიაზმი და მონდომება უფრო დამაჯერებელი იქნება. 

CV Writers-ის დირექტორი, ნევილ როუზის თქმით, სამოტივაციო წერილი ყოველთვის მკითხველის გადმოსახედიდან უნდა დაწეროთ. ის გირჩევთ: „ყურადღებით წაიკითხეთ პიროვნების დახასიათება, რადგან დამსაქმებელი მას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. როდესაც დაიწყებთ პიროვნების აღწერას თქვენს სამოტივაციო წერილში, შექმენით კარგად ორიენტირებული წერილი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს თქვენს კომპეტენტურობას იმ საკითხში, რომელსაც დამსაქმებელი ეძებს. ამის საილუსტრაციოდ, გამოიყენეთ მაგალითები. 

Win-that-job.com-ის რედაქტორი, ჯონ გრეგორი გირჩევთ, რომ აპლიკაციისა თუ CV-ის გაგზავნისას, წარმოიდგინეთ, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ დამსაქმებლისთვის და აუცილებლად შეატყობინეთ მას ამის შესახებ თქვენს სამოტივაციო წერილში. „უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი არ არის თქვენს შესახებ“ - მსგავსი ტექსტით. 

გაითვალისწინეთ საბაზისო რჩევები... 

დასაქამების დღევანდელ სფეროში, საბედნიეროდ, გვაქვს ძალიან კარგი საშუალებები, რათა ზუსტად აღმოვაჩინოთ, თუ ვის უნდა მივმართოთ წერილით. შესაძლოა, დამსაქმებელმა უზრდელობად ან უყურადღებობად ჩაგითვალოთ, თუ გამოიყენებთ საყოველთაოდ მიღებულ მიმართვას „ძვირფასო ბატონო/ქალბატონო“. თუ ვაკანსიაში ზუსტად არ არის მითითებული ვის უნდა მიმართოთ, გამოიჩინეთ ინიციატივა და მოიძიეთ ინტერნეტში მისი სახელი ან უბრალოდ დაუკავშირდით კომპანიის HR-ს. ამ მხრივ, თქვენ გეძლევათ კარგი შანსი, რომ აჩვენოთ დამსაქმებელს რამდენად მოხერხებული და საზრიანი ხართ. პოტენციურად, ის აუცილებლად მოიხიბლება ამით. 

ყურადღება მიაქციეთ თქვენს გრამატიკას, პუნქტუაციასა და სიტყვების სწორად წერას. მსგავსი ტიპის შეცდომების დაშვებამ შესაძლოა თქვენს CV-ს ოფისის ნაგვის ურნაში ამოაყოფინოს თავი. The Guardian-ის ადმინისტრაციული რესურსის დირექტორი ამბობს, რომ გამოგზავნილი დოსიეების 83% სწორედ გრამატიკული შეცდომების გამო პირდაპირ ნაგვის ურნაში იყრება. 

ზოგადი თვალსაზრისით, თქვენი სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს სტანდარტული A4-ი ტიპის ერთ გვერდს. აი, რას ამბობს JobMarketSuccess.com-ის დამფუძნებელი, კლერ უიტმელი ამასთან დაკავშირებით: „სამი-ოთხი მოკლე აბზაცი, როგორც წესი, საკმარისია, რომ მკითხველის დაინტერესება დაიმსახუროთ“. 

დამაჯერებლად ახსენით თუ რატომ ხართ დაინტერესებული ამ სამუშაო ადგილის დაკავებით და რატომ უნდა შეაჩეროს არჩევანი თქვენზე დამსაქმებელმა. ნუ იქნებით ერთფორვნები და ნუ დააკოპირებთ ყველაფერს თქვენი სხვა დროს დაწერილი სამოტივაციო წერილებიდან ან უბრალოდ დოსიედან. „კარგად წარმოაჩინეთ, რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატი ამ ადგილისთვის და მოიყვანეთ თქვენი კარიერული ერთი ან ორი მაგალითი, რათა აჩვენოთ, რომ გაქვთ საკმარისი უნარები და გამოცდილება“ - ამბობს კლერ უიტმელი. 

წერისა და საუბრის მანერა

Career Coaching Ventures-ს დამფუძნებელი, დაშა ამრონი ამბობს: „თქვენი მანერის განსაზღვრა დამოკიდებულია კომპანიის არსსა და კულტურაზე“. თუ თქვენი სამიზნე კომპანია ბანკია, მაშინ სამოტივაციო წერილი უნდა იყოს საფინანსო ინდუსტრიის სტილში დაწერილი. მეორეს მხრივ, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიისთვის დაწერილ წერილში, შეგიძლიათ საუბრის ყოველდღიური, უბრალო სტილი აირჩიოთ, თუმცა ზედმეტად უშუალოდაც ნუ დაწერთ. 

„სწორი მანერის განსაზღვრა შესაძლებელია კომპანიის რელევანტურ წარმომადგენლებთან საუბრისას, რომელიც შეიძლება იყოს უფრო ახალბედებისა და გამოცდილი კადრების მიქსი. ამაზე უფრო ღრმად ვერ ავხსნი საუბრის მანერის მნიშვნელობას. აქვე გირჩევთ, რომ საუბრის ნეიტრალური მანერა ყველაზე მომგებიანი შეიძლება იყოს“ - ამბობს უიტმელი. 

დიდი ყურადღება მიაქციეთ მოვალეობების აღწერას

მოვალეობებისა და სამუღაოს აღწერაში ბევრი საკვანძო სიტყვა იქნება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თქვენს სამოტივაციო წერილში. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, რომელიც კითხულობს თქვენს წერილს, ზის სიით ხელში და ყველა კომპონენტი უნდა მონიშნოს. მიეცით მათ ამის საშუალება. თუმცა ნუ გამოიყენებთ იგივე ტერმინებსა და სიტყვებს. საკვანძო სიტყვები შეიძლება იყოს პოზიციასთან დაკავშირებული (გაყიდვების მენეჯერი, ექაუნთ მენეჯერ, პროექტების მენეჯერი), სფეროსთან (ფინანსური კონსულტაცია, გაყიდვები, ტურიზმი), ან აღწერდეს პოზიციის ელემენტებს (ივენთების მენეჯმენტი, კლიენტებთან ურთიერთობები, დატა ანალიზი).

იპოვეთ ეს სიტყვები ვაკანსიის აღწერაში და გამოიყენეთ ისინი წერილის წერისას. დამსაქმებლები ასობით წერილს იღებენ და ყველას დეტალურად არ კითხულობენ. თვალის გადავლებისას, საჭიროა, რომ საკვანძო სიტყვები და ფრაზები შეხვდეთ და უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ. ამიტომაა საჭირო ამ სტრატეგიის გამოყენება.

დასასრული

დასასრულს გამოხატეთ თქვენი დაინტერესება პოზიციასთან დაკავშირებით, ოღონდ ძალიან მიმწოლი და სასოწარკვეთილიც არ უნდა გამოჩნდეთ. როცა წერას მორჩებით, წაიკითხეტ ის ახლიდან, ხმამაღლა - თქვენი ნაწერისა და სიტყვების ხმამაღლა გაგონება შეცდომებს აღმოგაჩენინებთ.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

შეუერთდით 19,653 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: