იპოვე უკეთესი სამსახური

როგორ გადავლახოთ ნერვიულობა გასაუბრებაზე მისვლამდე

ბევრი ჩვენგანისთვის, გასაუბრებაზე დაბარების სიხარული ცოტა ხანს გრძელდება, რადგან მალევე გვეწყება აღელვება და პანიკა. ამ შიშმა და ნერვულმა სტრესმა შეიძლება თქვენს ინტერვიუზე ცუდად იმოქმედოს, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ამ შიშების დაძლევაში დაგეხმარებათ.

გასაუბრებამდე

მოიძიეთ ინფორმაცია და ივარჯიშეთ

ბრიტანული დასაქმების კომპანიის Capita Resourcing-ის დირექტორი ჯონათან ბენეტი ამბობს, რომ შიში და პანიკა ჩნება იმის მოლოდინით, რომ გასაუბრებაზე შესაძლოა ისეთი რამე გკითხონ, რაც არ იცით. ამიტომ ის გვირჩევს, რომ მოიძიოთ ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, რომელშიც დაგიბარეს ინტერვიუზე და თან ივარჯიშოთ თქვენს თავსა და გამოცდილებაზე ლაპარაკში. “ელაპარაკეთ თქვენს მეგობრებს, ძაღლს, თუნდაც სარკეს. თუ კომპანიის შესახებ ბევრი ინფორმაცია გაქვთ და თქვენი წარსული კარიერის შესახებაც შეგიძლიათ საუბარი, ნაკლებად ინერვიულებთ და უფრო ავდაჯერებული იქნებით”.

ცხადია, შესაძლოა, “ჩახვეული” და დამაბნეველი კითხვებიც დაგისვან, მაგრამ როცა თავდაჯერებული და ინფორმირებული ხართ, ამას გამოცდილი HR აუცილებლად შეამჩნევს და თქვენი კანდიდატურის შეფასებისას დადებითად იმოქმედებს.

დაუსვით თქვენს თავს რთული კითხვები

წიგნის, პასუხები რთულ კითხვებზე, ავტორი მაიკლ დოდი ამბობს, რომ თავდაჯერებულობის ასაწევად ერთ-ერთი მთავარი კომპნენტი, იმ შეკითხვებზე ფოკუსირება, რომელიც შეიძლება დამსაქმებელმა დაგისვათ და თანაც ყველაზე უარესი შეკითხვები. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება გკითხოთ დამსაქმებელმა ყველაზე ცუდ ვარიანტში და ივარჯიშეთ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემაში.

ფსიქოლოგი ჯო ემერსონი კი გირჩევთ, რომ ვარჯიშისას წარმოიდგინოთ თქვენი თავი, ყველაზე საუკეთესო სიტუაციასა და განწყობაზე. “როგორ იქცევით, როცა თავს საუკეთესოდ გრძნობთ? როგორი ტონი გაქვთ ამ დროს, რას ამბობთ, როგორ დგახართ, გაიხსენეთ ეს ყველაფერი და ივარჯიშეთ”.

ივარჯიშეთ, იძინეთ, სვით ბევრი წყალი

ფსიქოლოგი ბენ ბარკერის თქმით, საჭიროა ნერვიულობის ენერგიის დახარჯვა და ამისთვის გასაუბრებამდე ბევრ ვარჯიშს გირჩევთ. “ცხადია, ინტერვიუზე ოფლიანი და აქოშინებული არ უნდა მიხვიდეთ, მაგრამ მანამდე რეგულარულად უნდა ივარჯიშოთ და მთელი ეს ნეგატიური ენერგია დაწვათ. ვარჯიში სისხლში ჟანგბადის შემცველობასა და ორგანიზმში ენდორფინების რაოდენობას ზრდის, ხელს გიწყობთ მშვიდად ძილში”.

ნერვიულობის შესამცირებლად ასევე დაგეხმარებათ კარგად გამოძინება და ბევრი წყლის სმა.

გასაუბრების დღეს

დანიშნულების ადგილამდე მივლის პროცესი კარგად დაგეგმეთ. საცობები, სავსე ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და მეტრო ნერვიულობის კიდევ ერთი უაზრო საბაბია, რომელიც საერთოდ არ გჭირდებათ. სჯობს ადგილზე ადრე მიხვიდეთ, ვიდრე დააგვიანოთ ან წკიპზე მიასწროთ. სიჩქარე თქვენს ნერვებზე უარყოფითად იმოქმედებს. ადგილზე თუ 10-15 წუთით ადრე მიხვალთ და ახლო-მახლო ისეირნებთ, ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ დამშვიდებაში.

გასაუბრებისას

იყავით უშუალო

გახსოვდეთ, რომ გამსაუბრებელიც ადამიანია და შეიძლება ისიც ნერვიულობდეს ან რუტინისგან იყოს გადაღლილი. ამიტომ ეცადეთ მასთან საერთო ენის გამონახვა. ხედავთ, რომ იმ სერიალის ჭიქა აქვთ, რომელსაც თქვენც უყურებთ? გაესაუბრეთ ბოლო სერიის შესახებ. ეს დაძაბულობას შეამცირებს და ინტერვიუ ბევრად მარტივად ჩაივლის.

ისუნთქეთ სწორად

ისუნთქეთ ნელა, ცხვირით და დიაფრაგმის გამოყენებით. სწორად სუნთქვის შემთხვევაში მოგეხსნებათ დაძაბულობა, როგორც კისერში და მხრებში, ასევე გონებაშიც.

მაგრამ სპეციალისტების თქმით, სწორად სუნთქვა ვერ დაგეხმარებათ თუ დასმულ შეკითხვებს პასუხს ნაჩქარევად გასცემთ. კითხვასა და პასუხს შორის მცირე პაუზა ყველასთვის შეუმჩნეველი ხდება, გამოიყენეთ რამდენიმე წამი თქვენი სუნთქვის ტემპის დასარეგულირებლად და მშვიდად გაეცით პასუხი.

გამოასხივეთ თავდაჯერებულობა

გარდა საუბრის მანერისა, თქვენი თავდაჯერებულობა ჯდომის მანერითაც გამოიხატება. ფეხები იატაკზე სწორად უნდა გედოთ, მხრებში გაიშალეთ და ხელებიც ერთმანეთისგან მოშორებით დაიჭირეთ. ამით თქვენი სხეული უშვებს სიგნალს, რომ დასამალი არაფერი გაქვთ. გარდა ამისა, ასე ჯდომა თქვენც და თანამოსაუბრესაც გაგრძნობინებთ, რომ თავდაჯერებული ხართ. თუ საუბრისას ოდნავ წინ გადაიწევით, ეს თავდაჯერებულობის სიგნალს კიდევ უფრო გააძლიერებს, თან გარდა გამსაუბრებლებისა, იგივე სიგნალი თქვენს ტვინსაც მისდის და შესაბამისად, უფრო მეტად თავდაჯერებულიც გახდებით.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

შეუერთდით 19,664 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: