პირველი რთული სამუშაო დღის შემდეგ, ყოველთვის ჩნდება ახალი გამოწვევა, თუ როგორ გავხდეთ სამუშაო გუნდის ღირსეული წევრი.
პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ არც ერთი ახალმოსული არ არის ბედნიერი და ერთ მუშტად შეკრულ სამუშაო გუნდზე მნიშვნელოვანი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციითა და ხელფასით მოხვედით ამა თუ იმ თანამდებობაზე, გუნდთან შერწყმა მაინც თქვენი თავის ტკივილია. თქვენ უნდა შეძლოთ მათთან შერწყმა და არა მათ. მხოლოდ ასეთი მიდგომით შეძლებთ საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ახალ გარემოში.
დაახლოების პროცესი
ამ გზის გავლაში შესაძლოა დაგეხმაროთ წინასწარ ინფორმაციის მოძიება თქვენი თანამშრომლების შესახებ. ხომ იცით, ინფორმაცია ძალაა.
სცადეთ, გაარკვიოთ გუნდის თითოეული წევრი რამდენი ხანია, რაც ამ კომპანიაში მუშაობს, რა თანამდებობა უკავია, წარსულში რას საქმიანობდა და იერარქიის რომელ საფეხურზე იმყოფება. ამგვარი ინფორმაცია ნელ-ნელა უნდა მიიღოთ, რადგან თანამშრომელთან საუბრისას ყველა ამ კითხვის დასმამ შეიძლება თქვენს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გააჩინოს.
შესაძლოა, თქვენ იმითაც დაინტერესდეთ, გუნდის რომელიმე წევრები ერთმანეთთან რომანტიკულ ურთიერთობაში ხომ არ იმყოფებიან, რათა მათ ურთიერთობაში უხეშად ჩარევა არ გამოგივიდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ იყოთ ძალიან ფრთხილი და ზრდილობიანი, როდესაც ასეთი ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებით.
როდესაც გუნდის წევრების გაცნობას დაიწყებთ, ჩამოყალიბდით თქვენს ობიექტებზე და წინასწარ განსაზღვრეთ, რისი მიღება გსურთ ამ ყველაფრისგან. არ არის აუცილებელი, რომ ყველა თანამშრომელი ერთნაირად მოგწონდეთ, თუმცა აუცილებელია, რომ თქვენი პერსონალური დამოკიდებულება გვერდით გადადოთ, რათა საერთო საქმე არ დააზიანოთ.
სამუშაო გუნდის ერთ მუშტად შეკვრისა და დამეგობრების ერთ-ერთი მთავარი გზაა სამუშაო საათებს მიღმა სოციალური ურთიერთობების დამყარება. თუმცა, ამასაც აქვს თავისი სახიფათო წერტილები.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი უხერხულობა, რომელიც გუნდის სოციალიზაციის დროს შეიძლება წარმოიშვას, არის ის, რომ სამუშაოს გარეთ გამართული საღამო შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება საღამო, მით უფრო დიდია შანსი, რომ წინდაუხედავი მოქმედებები მოხდეს. შეიქმენით ისეთი ადამიანის რეპუტაცია, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის გუნდთან ერთად დრო გაატაროს, მაგრამ ყოველთვის სწორად არჩევს წასვლის დროს.
იყავით ძალიან ფრთხილად და დაკვირვებულად, თუ საღამოს თქვენი უფროსიც უერთდება. ნუ იქნებით ძალიან ფამილარული და ნუ იტყვით რაიმე ისეთს, რასაც მომავალში ინანებთ. გამოიჩინეთ პატივისცემა გუნდის თითოეული წევრის, განსაკუთრებით თქვენზე დაბალი თანამდებობის მქონე პირების მიმართ ისე, რომ არც ძალიან ოფიციალურები იყოთ და არც ძალიან ფამილარულები.
იცოდეთ თქვენი შესაძლებლობები
არავინ იწყებს ახალ სამსახურს წარუმატებლობის მოლოდინში, თუმცა ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანები ჩვენით ვირთულებთ ცხოვრებას, როცა შეცდომებს არ ვუკვირდებით.
როგორც წესი, სამსახუწის დაწყებისას ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს ხოლმე. აუცილებელია ვიყოთ რეალისტები, როცა რაიმე მიზანს ვისახავთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამსახურის დაწყების პირველ თვეებში. ნუ ჩაიგდებთ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ კრახი განიცადოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი უფროსი თქვენგან არარეალურ შედეგებს მოელის, თავიდანვე მიმართეთ მას ამ საკითხზე, რათა შემდგომი პრობლემები თავიდან აიცილოთ.
ნუ იფიქრებთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაქვთ და ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ. თავდაპირველად შესაძლოა რაღაც პრობლემებს წააწყდეთ და აღმოჩნდეს, რომ რაღაც არ იცით, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. თუ რომელიმე კომპიუტერულ პროგრამასი ვერ გაერკვიეთ, სჯობს უფრო კარგად გაიცნოთ ის. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და პროგრამის გაკრიტიკებას, რადგან სრულიად შესაძლებელია, რომ ის ვისთანაც ამის შესახებ იწუწუნებთ, ამ პროგრამის ავტორი იყოს. იდეალური არაფერი არსებობს და ყველგან შეიძლება პრობლემა გაჩნდეს. ამის გამო ერთ ამბავს ნუ ატეხავთ, რადგან ნორმალური საუბრით პრობლემის გამოსწორება გაცილებით უფრო მარტივია.
ზედმეტი თავგამოდებისგანაც თუ შეიკავებთ თავს, კარგი იქნება. შესაძლოა შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით მოხალისეობრივი სამუშაოების შესრულებაც მოგინდეთ, მაგრამ დარჩით რეალისტებად. ხელი მხოლოდ იმას მოკიდეთ, რაც იცით რომ კარგად გამოგდით. ყოველთვის დაიტოვეთ თავისუფალი სივრცე ისეთი შემთხვევებისთვის, როცა რაიმე სამუშაოს შესრულება უფრო დიდი დროს მოითხოვს, ვიდრე თავიდან ელოდით. ყველაზე მთავარია, რომ რასაც აკეთებთ, კარგად გააკეთოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენს შრომას თქვენი უფროსი ამჩნევს.