იპოვე უკეთესი სამსახური

როგორ ვუპასუხოთ გასაუბრებაზე ყველაზე ხშირად დასმულ 10 შეკითხვას

ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რა მაგარი იქნება წინასწარ რომ ვიცოდე გასაუბრებაზე რას მკითხავენო. სამწუხაროდ, ამის ზუსტად გამოცნობა წარმოუდგენელია, თუმცა ჩვენ წარმოგიდგენთ იმ შეკითხვების სიას, რომელიც მეტ-ნაკლებად მაინც ჯდება სავარაუდოდ დასასმელი შეკითხვების ფორმულირებაში. ამასთან, გასაუბრების ექსპერტები გირჩევენ, თუ როგორ უპასუხოთ ამ შეკითხვებს ისე, რომ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი თავი. 

1. მოგვიყევით თქვენს შესახებ

დიახ, ეს მართლაც მრავლის მომცველი შეკითხვაა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერვიუერი თქვენგან არ მოელის ვრცელი და დამქანცველი ცხოვრებისეული ისტორიის მოსმენას. win-that-job.com-ის რედაქტორი ჯონ გრეგორი ამასთან დაკავშირებით ამბობს: „ძირითადად, ამ შეკითხვის დასმით, ინტერვიუერს ყველაზე მეტად აინტერესებს ისეთი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს თქვენს იმ უნარებს, რის გამოც ყველაზე მეტად ერგებით გამოცხადებულ ვაკანსიას“. აუცილებელია, რომ მოკლედ, სულ რამდენიმე წინადადებით შეაფასოთ თქვენი განვლილი კარიერა და ამის შემდეგ, პირდაპირ გადახვიდეთ ისეთი გამოცდილების თხრობისკენ, რომელიც ყველაზე რელევანტურია ვაკანსიასთან მიმართებაში. 

„მოყევით მხოლოდ ფაქტები და ნუ იქნებით დაძაბულნი. თავი შეიკავეთ არაფრის მომცემი საუბრისგან. ხშირად გაიღიმეთ, იყავით ენთუზიაზმით აღსავსე და მაქსიმალური კონტაქტი დაამყარეთ ინტერვიუერთან, რადგან ინტერვიუს განმავლობაში ამგვარი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაზრდის პოზიტიურ მუხტს“ - გირჩევთ ჯონ გრეგორი.

2. რატომ გსურთ აქ მუშაობა?

გასაუბრებამდე აუცილებლად მოიძიეთ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია კომპანიისა და მისი კონკურენტების შესახებ, რადგან ამ ინფორმაციამ შესაძლოა იდეალური პასუხისკენ გიბიძგოთ. „ეს არის თქვენი იდეალური შანსი, რათა მოახდინოთ დემონსტრაცია იმისა, რომ კომპანიის შესახებ ჩაატარეთ კვლევა და კარგად ფლობთ თქვენი პოტენციური დამსაქმებლის გაყიდვების სქემებსა და კომპანიის მნიშვნელოვან ღირებულებებს“ - ამბობს Hays-ის დირექტორი დეივიდ ქეირნქროსი. 

„მოერიდეთ ისეთი წინადადებების თქმას, რომელიც დამსაქმებელს აფიქრებინებს, რომ დიდად არ ხართ ამ საქმით დაინტერესებული და დასაქმება მხოლოდ მოკლე ხნით გნებავთ. მაგალითად, ნუ ეტყვით, რომ ეს სამსახური დაგეხმარებათ თქვენს კარიერულ ზრდაში ან იმას, რომ საერთაშორისო ბაზრისთვის საჭირო გამოცდილებას მიიღებთ. ამგვარი პასუხები დამსაქმებელს აფიქრებინებს, რომ შემოთავაზებული სამსახურის მოკლე ვადით გამოყენება და მალევე წასვლა გაქვთ დაგეგმილი. 

3. რა არის თქვენი ძლიერი მხარე?

ამ კითხვაზე კარგი პასუხის გასაცემად the Interview Expert Academy-ის დამფუძნებელი ჯონათან ბარსტონი სამი წესის დაცვას გირჩევთ: 

წესი 1: გააკეთეთ ჩამონათვალი, რაშიც ფიქრობთ რომ ძლიერი ხართ, რისი კეთებაც მოგწონთ და რა ძლიერ მხარეებს ამჩნევენ სხვები თქვენში. 

წესი 2: შემდგომ ეტაპზე მოიმარჯვეთ ეს სია და კითხეთ საკუთარ თავს, თუ რატომ მიიჩნევთ ამ ჩამონათვალს თქვენს ძლიერ მხარედ - თითოეულ ძლიერ მხარეს სამი მიზეზი მიუწერეთ. 

წესი 3: თითოეულ ძლიერ მხარეზე გაიხსენეთ სიტუაციები, რომელშიც ეს თვისებები გამოავლინეთ. 

4. რა არის თქვენი სუსტი მხარე? 

როგორც CareerTree-ის ექსპერტი, სარა არჩერი ამბობს, ინტერვიუერები ამ კითხვას კანდიდატის თვითშეფასების შესამოწმებლად სვამენ ხოლმე. „ინტერვიუერებს არ სურთ თქვენი ყველა ნაკლის მოსმენა და იმ მიზეზების მიწოდება, რომლის გამოც შეიძლება არ აგიყვანონ - გახსოვდეთ, რომ მათ თქვენთვის კარგი უნდათ. ამის მიუხედავად, ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მაინც კარგად უნდა მოემზადოთ, რადგან ექსპრონტად გაცემულმა პასუხმა შეიძლება ფატალური შედეგი გამოიღოს“ - ამბობს სარა არჩერი. 

დაფიქრდით თქვენს სუსტ მხარეებზე - რომლებიც მაინც და მაინც არ ეწინააღმდეგება შემოთავაზებულ ვაკანსიას - და აჩვენეთ ინტერვიუერს, რომ გაქვთ მათი გადალახვის სტრატეგია. მაგ: „დიდი დაძაბულობის ქვეშ თუ ვკარგავ დეტალებზე სასურველ კონცენტრაციას, ჩემი ნამუშევრის შესამოწმებლად დამატებითად ვმუშაობ ან ვთხოვ ჩემს კოლეგას, რომ საბოლოო ვერსია ხმამაღლა წამიკითხოს“. 

5. რატომ უნდა დაგიქირაოთ თქვენ? 

ზოგადად, მსგავსი კითვხვის დასმისას ინტერვიუერი არ ამოწმებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც სამსახურის სპეციფიკას სჭირდება. ამ დროს, თქვენ უნდა დაარწმუნოთ დამსაქმებელი, რომ შეგიძლიათ იმის გაკეთება, რასაც ამ პოზიციაზე ითხოვენ. თავდაპირველად გაიმეორეთ თუ რა უნდა აკეთოს ამ პოზიციაზე დაქრიავებულმა ადამიანმა („ჩემი აზრით, კომპანია ეძებს ისეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია კლიენტების რაოდენობის გაზრდა...“); ამის შემდეგ, მოყევით თქვენი უნარების შესახებ, რომელიც დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ და მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები. 

6. თქვენი მიღწევებიდან, ყველაზე მეტად რომლით ამაყობთ და რატომ?

ექსპერტების თქმით, ამ კითხვის გამოყენება შეგიძლიათ საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოსაჩენად. გაიხსენეთ თუ რა შეცვალეთ ცხოვრებაში, მაგრამ ძალიანაც ნუ გააფეტიშებთ საკუთარ თავს. გამოიყენეთ STAR ტექნიკა ისტორიის მოსაყოლად. აღწერეთ სიტუაცია რომელშიც იმყოფებოდით, შემდეგ ამოცანა, რომელიც უნდა გადაგეჭრათ. ამის შემდეგ, ხსნით იმ ნაბიჯებს, რომელიც ამოცანის გადასაჭრელად გადადგით, ბოლოს კი პოზიტიური შედეგი აღწერეთ. ამ ტექნიკის გამოყენებისას დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი მონაყოლი ისტორია კარგად არის ფორმალიზებული და სტრუქტურაში ჯდება, რათა არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი დეტალი. 

7. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ რაღაც საქმე ცუდად მიდის. როგორ გაუმკლავდებით მას? 

ყველა კომპანიასა და დამსაქმებელს აქვს სიტუაცია, როცა რაღაც საქმე ცუდად მიდის. შესაბამისად, დამსაქმებელს აინტერესებს როგორ გაუმკლავდებით მას. ექპესტრები გირჩევთ, რომ სხვდასხვა მიზნებისა თუ პროექტების ისეთი სია გააკეთოთ, რომლებიც გემგის მიხედვით არ განხორციელდა და თითოეულ მათგანს მიუწეროთ ახსნა თუ რა მოხდა და რატომ. ამის შემდეგ, განიხილეთ მიზეზები, რის გამოც პროექტი ცუდად განვითარდა, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები პრობლემის გადასაჭრელად და რაც მთავარია, აღწერეთ თუ რა გასწავლათ ამა თუ იმ შემთხვევამ და როგორ გამოასწორეთ ის მომავალში. მას შემდეგ, რაც ნათელი მაგალითი გექნებათ გონებაში, ამ კითხვაზე პასუხის ჩამოსაყალიბებლად შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გამოიყენოთ STAR ტექნიკა. 

8. სად ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?

ეს ძალიან ეშმაკური შეკითხვაა. გასაუბრების ექპსერტი გირჩევთ, რომ პასუხის გაცემისას არ იყოთ ძალიან თავმდაბალი, მაგრამ ნურც ზედმეტ ქედმაღლობას გამოიჩენთ. იყავით რეალისტები. ამ შემთხვევაში, საუკეთესო პასუხი შეიძლება იყოს რაიმე შუალედური. მაგ: „იმედი მაქვს, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში გავიზრდები პროფესიონალურად და უფრო მეტ ნდობას დავიმსახურებ, რომ მეტი პასუხისმგებლობა დამეკისროს“. პირველ რიგში, ასეთი პასუხით აჩვენებთ, რომ გსურთ მიგიღონ ისეთ ადამიანად, რომელიც საკუთარ საქმეს ბრწყინვალედ ასრულებს, ეს კი თქვენი კარიერული წინსვლისა და განვითარების საძირკველი იქნება. 

9. რა არის თქვენი მოტივაცია?

ეს საკმაოდ ღრმა აზრის მქონე კითხვაა, რომელსაც იმისთვის სვამენ, რომ ადამიანის შესახებ მეტი შეიტყონ. იქნებ გამოწვევა მოგწონთ? ან იქნებ, ამ პოზიციის გამოყენება გსურთ საკუთარი წინსვლისთვის? როგორც ექსპერტი ამბობს, ამ კითხვაზე არ არსებობს ცუდი ან კარგი პასუხი. აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია - გულწრფელობა, ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა - აი რისი გაგება სურს დამსაქმებელს თქვენს შესახებ ამ კითხვაზე პასუხით. 

10. რაიმე კითხვები ხომ არ გაქვთ? 

გახსოვდეთ, რომ ინტერვიუ ორი ნაწილისგან შედგება. ინტერვიუერს ყოველთვის უნდა იცოდეს, რამდენად დაინტერესებული ხართ მათი ორგანიზაციით, ამიტომ არასოდეს წახვიდეთ გასაუბრებაზე წინასწარ მომზადებული კითხვების გარეშე. ჰკითხეთ კომპანიის შესახებ, პიროვნული ზრდის შესაძლებლობების შესახებ, თავად ვაკანტური სამუშაო ადგილის შესახებ და მასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და გუნდის შესახებ. ინტერვიუერისთვის დასმული კითხვები კიდევ ერთი სწორი ნაბიჯია, რათა გაიგოთ თავად ისინი რას ფიქრობენ საკუთარი სამსახურის, კომპანიისა და ღირებულებების შესახებ?

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

შეუერთდით 19,653 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: