იპოვე უკეთესი სამსახური

რა ვქნათ მაშინ, როცა ინტერვიუზე დასმულ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს?

ძალიან ხშირად, დამსაქმებლებს კანდიდატებისგან პირადი გამოცდილების მოსმენა სურთ ისეთ ამბებზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ვაკანტურ სამუშაო ადგილს. ამის გამო, შესაძლოა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ ხოლმე, თუ მსგავსი გამოცდილება არასოდეს გქონიათ. ერთი მხრივ, თქვენ შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ დამსაქმებელზე, მეორე მხრივ კი - არ გაქვთ შესაბამისი კარიერული ისტორია. რა უნდა ქნათ ამ დროს? კუთხეში მიმწყვდეული ბოქსიორივით დარტყმებს პირდაპირ შეეგებოთ თუ თავი დაიხსნათ უხერხული სიტუაციიდან? 

ჩვენ მეორეს გირჩევთ და გასწავლით, თუ როგორ დაიძვრინოთ თავი მაშინ, როცა ინტერვიუერის მიერ დასმულ შეკითხვაზე ადეკვატური პასუხი არ გაგაჩნიათ. გახსოვდეთ, რომ ყველა ინტერვიუერს განსხვავებული კითხვები აქვს ხოლმე, ამიტომ პასუხები იდენტური ვერ იქნება, თუმცა აქ მთავარია პრინციპი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ. 

პირველ რიგში, განვიხილოთ მაგალითი, რომელიც ექსპერტების აზრით, კუთხეში მიმწყვდეული კანდიდატებისთვის თავის დაძვრენის კლასიკური ნიმუშია. 

ინტერვიუერი: „ზოგჯერ ამ დეპარტმანეტში ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელიც სხვა დეპარტამენტებისთვის არ არის მისაღები. გთხოვთ, მოგვიყვეთ მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიგიღიათ და როგორ გაუმკლავდით მას?“ 

კანდიდატი: „ვწუხავარ, მაგრამ მსგავს სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ. მიუხედავად ამისა, მქონია გაყიდული საქონელის უკან დაბრუნების შემთხვევები, როცა მომხმარებელს უნდოდა პროდუქტის დაბრუნება, თუმცა დადგენილი წესებით ამის უფლება არ ჰქონდა. ასეთ შემთხვევებში, გვიწევდა წესების შეცვლა, რომელიც ყველასთვის მისაღები არ იყო. გსურთ ამ ამბის მოსმენა უფრო დეტალურად?“ 

აღნიშნული მაგალითი აჩვენებს, რომ კანდიდატმა შესაძლოა ალტერნატიული მაგალითის მოყოლა დაიწყოს და დამსაქმებელს აგრძნობინოს, რომ ის არც თუ ისე დილეტანტია მსგავს საკითხში. 

რა საკვირველია, ეს მხოლოდ მაგალითია და ყველა შემთხვევას ერთნაირად არ ერგება. მთავარია, რომ მაგალითი თქვენს გასაუბრებას მოარგოთ, რისთვისაც შემდეგი ფორმულების გამოყენება დაგჭირდებათ: 

  • აღნიშნეთ, რომ მათ მიერ დასმულ სპეციფიურ კითხას ზუსტად ვერ სცემთ პასუხს. თქვენ ხაზგასმით უნდა თქვათ, რომ ზუსტად ვერ გასცემთ ისეთ პასუხს, როგორსაც მოელიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საუბარი შეიძლება დაემსგავსოს უაზრო დემაგოგიას, რის შედეგად ინტერვიუერი ყურადღებას მოგადუნებთ და საუბარს აუცილებლად შეგაწყვეტინებთ. 
  • გამოყავით კითხვასთან დაკავშირებული უნარები და გამოცდილება. ერთი ან ორი წინადადებით აღწერეთ რაზე შეგიძლიათ საუბარი და როგორ უკავშირდება ის დასმულ კითხვას. ამ გზით, თქვენ აჩვენებთ დამსაქმებელს, რომ შეგიძლიათ მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება და მას შეუქმნით შთაბეჭდილებას, რომ კვალიფიციური ადამიანი ხართ. 
  • ჰკითხეთ მათ, სურთ თუ არა მოისმინონ თქვენი გამოცდილების შესახებ ის ამბავი, რომლის მოყოლასაც აპირებთ. თუ ინტერვიუერი გადაწყვეტს, რომ თქვენ მიერ მოყვანილი მაგალითი არ არის რელევანტური და დეტალების გაცნობა მათ არაფერს მისცემს, მაშინ არ ღირს ამაზე საუბარი. მზად იყავით, რომ ეს შეიძლება ასეც მოხდეს. 

თუ ინტერვიუერს არ უნდა თქვენი მაგალითის მოსმენა, მაშინ მზად უნდა გქონდეთ თემიდან გადახვევის გეგმა, რათა ინტერესი შეუნარჩუნოთ გასაუბრებას. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „ამ შემთხვევაში, მინდა გესაუბროთ...“; ერთი სიტყვით, ინტერვიუზე თქვენი მთავარი მიზანი გასაუბრების დროის ეფექტურად გამოყენება და უნარებისა და გამოცდილების ეფექტურად შეფუთვა უნდა იყოს. ასე რომ, გამოიჩინეთ ცოტა ეშმაკობა და მოემზადეთ კარგი თავდაცვითი პასუხებისთვის, რათა გასაუბრებამ წარმატებით ჩაიაროს.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

შეუერთდით 19,653 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: