სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR არასამთავრობო (NGO) კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტებს განათლების მიმართულებით, შეისწავლის განათლების სისტემაში/სფეროში არსებულ პრობლემებსა და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განათლების პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს საქართველოში, მათში სახელმწიფო ენის განვითარებას, მათ სამოქალაქო განათლებასა და ჩართულობას სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.
CCIIR - ის საქმიანობა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
- განათლების პოლიტიკის შესწავლა და ანალიზი - ამ მიზნით ორგანიზაცია ახორციელებს თვისებრივ კვლევებსა და უწყვეტ მონიტორინგს, უზრუნველყოფს დიალოგს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან.
- მულტილინგვური/მულტიკულტურული განათლება - ორგანიზაცია უზრუნველყოფს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში მრავალფეროვან გარემოზე, უზრუნველყოფს ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას; მონაწილეობს მულტიკულტურული განათლების პროგრამების, მრავალფეროვნების სწავლების კურიკულუმების შექმნასა და დანერგვაში უმაღლეს სასწავლებლებში.
- წიგნიერება და ორენოვანი წიგნიერება - ამ მიმართულებით ორგანიზაცია ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეებში კითხვის უნარების განვითარებას დონეებად დაყოფილი საკითხავი ტექსტებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო/მეთოდოლოგიური რესურსების შექმნით.
- ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება - ამ მიზნით ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამებს სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონების ბილინგვურ სკოლებში.
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარება - ამ მიმართულებით ორგანიზაცია ატარებს ტრენინგ-სემინარებსა და ვორქშოფებს ბილინგვური სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებში, უზრუნველყოფს ინტერკულტურული ურთიერთობების ხელშემწყობი პედაგოგიური მიდგომების განვითარებას.
- პუბლიკაციების გამოცემა - ორგანიზაცია გამოსცემს პოლიტიკის დოკუმენტებს/კვლევის ანგარიშებს, ბილინგვურ საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური რესურსებს, ენის სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს, ჟურნალებს, ელექტრონულ პროდუქტებს და სხვ.